თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაო, დაიდგა მთავარი ნაძვის ხე და დასახელდა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი: „გამარჯვებებით სავსე ქალაქი.“ კახა კალაძის თქმით, თბილისი იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც უცხოელი ტურისტებიც მივლენ და რეგიონებში მცხოვრები ადამიანებიც. კალაძის თქმით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით.
„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს.
ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში - ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარაოლიმპიელების გამარჯვებები, UFC-ის ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები. წარმატებები გვქონდა, არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია.
ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება - „გამარჯვებებით სავსე ქალაქი!“. ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით,“ - განაცხადა თბილისის მერმა.