ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხო ზომებს განიხილავს. შესაბამისი კომენტარი ევროკავშირის ელჩმა მედიასთან გააკეთა. ელჩი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. ჰერჩინსკის თქმით, მოისმინა საშინელი, შოკისმომგვრელი სცენების შესახებ, რაც წამებას უთანაბრდება. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
„ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა განვაცხადო ევროკავშირის სახელით - ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში, ჩვენ გვესმის მათი ხმა, შოკირებულნი ვართ ძალადობით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც უკეთესი მომავალი და ევროკავშირის წევრობა სურს. გასულ თვეს ვიყავი ბრიუსელში და მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი 27 ქვეყნის ელჩებს, ასევე, ახალ ხელმძღვანელობას ევროკავშირის ინსტიტუტებში.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოზე იმსჯელებენ კვირის ბოლოსაც, ევროკავშირის ხელმძღვანელების დონეზე. რაც საქართველოში ხდება - ძალადობის დონე, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეუძლია, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა და სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ კვირას.
ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები. ყველა ზომა განიხილება,“ განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ რაც გასულ კვირას ხდებოდა საქართველოში, აბსოლუტურად შეუთავსებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.
რაც შეეხება შესაძლო სანქცციებს, ელჩმა განმარტა, რომ სანქციების პოლიტიკა რთულია, რადგან 27 ქვეყნის ერთსულოვნებაა საჭირო. თუმცა ელჩის თქმით, რაც გასულ დღეებში ხდებოდა, აშკარად ეხება სანქციებს.
ჰერჩინსკის თქმით, სანქციებზე მიმდინარეობს მუშაობა და ორშაბათს გახდება ცნობილი, წარადგენენ თუ არა სანქციებს. ელჩმა განმარტა, რომ მოსალოდნელი ზომები ასევე მოიცავს გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვას.
„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს და იმედია, რომ ორშაბათს მოხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ - აღნიშნა ელჩმა.
კითხვას, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ "ყველა ზომა მაგიდაზეა." ელჩის განმარტებით,
„ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ბოლოს, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ყველაფერ ამასთან და საჭიროა ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც მოხდება,“ - აღნიშნა ელჩმა.
კითხვას, განიხილება თუ არა სანქციების საკითხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა:
„მე უკვე ძალიან გარკვევით განვაცხადე, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად, ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე.
ვფიქრობ, იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობის დონე, სისასტიკის დონე. მოდით, ვნახოთ, იქნება თუ არა სანქციები წარმოდგენილი ორშაბათს, მოსამზადებელი სამუშაო უკვე ნამდვილად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა ელჩმა.