გაეროს ექსპერტების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ „მოქმედების კურსი დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს“

გაეროს ექსპერტები „გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა შელახვას,“ რომელიც „გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობის მცდელობით.“


„ვშიშობთ, რომ რეპრესიები შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს,” - განაცხადეს გაეროს ექსპერტებმა.


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.