სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ქვეყნის პარლამენტის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.
„მე არ დავნებდები. ჩემი მისამართით გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით ამ ქვეყნისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ,“ - განაცხადა იუნ სუკ იოლმა.
მისივე თქმით, „ახლა მას დროებით გაჩერება მოუწევს, მაგრამ მომავლის გზა, რომელიც ხალხთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიარა, არ უნდა შეჩერდეს.“
დღეს, 14 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ხმა 204-მა პარლამენტარმა მისცა. ახლა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ დროის განმავლობაში მას უფლებამოსილება შეუჩერდება და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სო შეასრულებს.