პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 180 საბრძოლო ტანკს შეისყიდის

პოლონეთმა და სამხრეთ კორეამ K2 Black Panther-ის ტიპის 180 საბრძოლო ტანკის შესყიდვაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ბელარუსის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე ეს ვარშავის მასშტაბური გადაიარაღების პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია.


Euronews-ის ცნობით, გარიგების დასრულების შემდეგ, 2030 წელს, ქვეყნის არმიას 1100-ზე მეტი ტანკი ეყოლება - მეტი, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ერთად აღებული.


კონტრაქტის ღირებულება 6 მილიარდ დოლარზე მეტია და მოიცავს არამხოლოდ ტანკებს, არამედ, 81 დამხმარე მანქანას, სასწავლო პროგრამებს, აღჭურვილობის შეკეთებისთვის საჭირო ინვენტარსა და ტექნოლოგიების გადაცემას. 

„ეს ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ეს პოლონეთში ტანკების წარმოების აღდგენის დასაწყისია,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.


პოლონეთი თავდაცვაზე მშპ-ს 4.7%-ს ხარჯავს - ეს NATO-ს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი პროცენტული წილია. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ალიანსში ჯავშანტექნიკის რაოდენობით პოლონეთს მხოლოდ თურქეთი (2,238 ტანკი) და საბერძნეთი (1,344) გაუსწრებენ.