ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჰელსინკში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ამიშ შესახებ მუნიციპალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა მცირდება, 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტით შემცირდა, ტრაგიკული შედეგებით გამოწვეული ავარიები მეტროპოლიტენის არეალში კვლავ ხშირია.
2023 წელს, ევროკავშირის ქალაქებში საგზაო შემთხვევების შედეგად 7,807 ევროპელი დაიღუპა. გასულ წელს ბერლინში საგზაო შემთხვევების შედეგად, 55 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში, ბრიუსელის რეგიონში მომხდარი შეჯახების შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰელსინკი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, მისი მოსახლეობა 690 000-ზე ოდნავ ნაკლებია, მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოძრაობს.
ქალაქის ურბანული გარემოს დეპარტამენტის საგზაო ინჟინერმა, რონი უტრიაინენმა, ფინურ პრესას განუცხადა, რომ ეს მიღწევა განპირობებულია „მრავალი ფაქტორით... მაგრამ სიჩქარის შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.“ ქალაქის ოფიციალურმა პირებმა 2021 წელს, ჰელსინკის საცხოვრებელი უბნების უმეტესობასა და ქალაქის ცენტრში, სიჩქარის დაბალი ზღვარი დააწესეს.
აღსრულება 70 ახალი სიჩქარის კამერით და ეროვნული „ხედვის ნულოვანი“ პოლიტიკის საფუძველზე შექმნილი საპოლიციო სტრატეგიით მოხდა, რომლის მიზანიც იყო საგზაო მოძრაობისას დაზიანებების ან სიკვდილიანობის ნულოვანი დონის მიღწევა. ფინეთის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს, Liikenneturva-ს მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ჰელსინკში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა მას შემდეგ მცირდება.
ქალაქის ბევრ ნაწილში გზები შევიწროვდა და ხეები დაირგო იმ მიზნით, რომ მძღოლებისთვის დისკომფორტი შეექმნათ - მიზეზი ის იყო, რომ რთული ურბანული ლანდშაფტები მძღოლებს დასახლებულ ადგილებში უფრო ფრთხილად გადაადგილებისკენ უბიძგებს. ასევე ინვესტიცია ჩაიდო ველობილიკების მოწყობაში. დეკარბონიზებული და თვითმართვადი ავტობუსებით გაძლიერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი და ახალი ტრამვაის ხაზის შექმნა ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა.
უტრიაინენმა განაცხადა, რომ განახლებებმა ხელი შეუწყო „მანქანების გამოყენების შემცირებას და, მასთან ერთად, სერიოზული ავარიების რაოდენობის კლებას“.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2003-დან 2023 წლამდე ქალაქში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული დაზიანებების რაოდენობა 727-დან მხოლოდ 14-მდე შემცირდა.