BBC: ჩრდილოეთ კორეელები ამბობენ, რომ რუსეთში მონობის მსგავს პირობებში უწევთ მუშაობა

BBC-ის ცნობით, ათასობით ჩრდილოეთ კორეელი რუსეთში, მონობის მსგავს პირობებში სამუშაოდ იგზავნება, რათა მუშახელის უზარმაზარი დეფიციტი შეავსონ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის შედეგად გამწვავდა.


მოსკოვმა ფხენიანს ომში დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. ახლა კი, როდესაც რუსი კაცების უმეტესობა ან დაიღუპა ან გაიქცა ქვეყნიდან - სამხრეთ კორეის დაზვერვის წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მოსკოვი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეელ მუშახელზე.


როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა BBC-ს განუცხადა, როდესაც ის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა, მას აეროპორტიდან, სამშენებლო მოედნამდე, ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების აგენტი აცილებდა, რომელმაც უბრძანა, არავისთან ესაუბრა და არაფრისთვის არ შეეხედა. ის ამბობს, რომ პირდაპირ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დაასაქმეს. როგორც რესპოდენტი ამბობს, ის დღეში 18 საათზე მეტხანს მუშაობდა.


მიუხედავად იმისა, რომ მუშახელის უმეტესობა მასშტაბურ სამშენებლო პროექტებშია ჩართული, სხვები ტანსაცმლის ფაბრიკებსა და IT ცენტრებში განაწილდნენ, რაც როგორც თავად ამბობენ, გაეროს სანქციების დარღვევაა, რადგან ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის გამოყენება აკრძალულია.


რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2024 წელს, ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 12-ჯერ მეტია. მუშაკთა უმეტესობა იმ იმედით მიდის რუსეთში, რომ სიღარიბეს დააღწევს თავს და დაბრუნების შემდეგ, ოჯახისთვის სახლის ყიდვას ან ბიზნესის დაწყებას შეძლებს.


თუმცა მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოში იგზავნება „ერთგულების საფასურის“ სახით. დარჩენილი ნაწილი - ჩვეულებრივ, თვეში 100-200 დოლარი (74-149 ფუნტი) - ბუღალტრულ წიგნაკში აღირიცხება. მუშები ამ თანხას მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ იღებენ - ექსპერტების თქმით, ეს არის ტაქტიკა, რათა მათი გაქცევა შეაჩერონ.


6 ადამიანს ესაუბრა BBC, რომლებმაც რუსეთიდან გაქცევა მოახერხეს. მათმა ნაწილმა რუსეთში მუშაობისას საიდუმლოდ მოიპოვა ტელეფონი (რაც კანონით აკრძალულია) და მისი დახმარებით, კონტაქტი დაამყარეს უცხოურ ორგანიზაციებთან.  გაქცეულების უმრავლესობა ცდილობს, სამხრეთ კორეამდე მიაღწიოს. ისინი ამბობენ, რომ გაქცევა დიდი რისკის ფასად მოუხდათ, რადგან თუ ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე რუსეთიდან გაიქცევა, მის ოჯახსაც სჯიან ციხით ან გადასახლებით.


ჩრდილოეთ კორეელები ცხოვრობენ კონტროლირებად კომპლექსებში, საიდანაც გასვლა თითქმის შეუძლებელია.