ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება." ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მსჯელობას, ასევე, ამ საკითხზე წევრი სახელმწიფოების პოზიციებს შეეხება.


2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.


"კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით," - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში.