ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების მიზნით, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კავშირის დატოვებას არ გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში [ЕАЭС] ერთდროული ყოფნა შეუძლებელია.
„როდესაც დადგება ის მომენტი, როდესაც არჩევანი საბოლოო და გარდაუვალი გახდება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ ამას ოფიციალურ დონეზე გამოვაცხადებთ, მაშინ გასვლა შესაძლებელია. ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია, ის სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია ჩვენი ხალხის გამოხატულ ნებასთან, ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან და მოლაპარაკებების პროცესებთან, ასევე, სიტუაციის, შესაძლებლობებისა და ალტერნატივების ანალიზის შედეგებთან და პერსპექტივებთან,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს შესაძლებლობა დამოკიდებულია ხალხის ნებაზე, მიმდინარე ვითარებაზე, მოლაპარაკებების პროცესებზე, ასევე, სიტუაციის ანალიზზე, შესაძლებლობებსა და ალტერნატივებზე.
მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო ევროკავშირის შესახებ კანონპროექტი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს ერევანი, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნებოდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი და რომ ქვეყანას მოუწევდა არჩევანის გაკეთება. სომხეთის პრემიერი განმარტავს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის საკითხი „საყოველთაო რეფერენდუმის გზით“ უნდა გადაწყდეს.
მიმდინარე წლის 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.