ევროკავშირი სომხეთს €200 მილიონზე მეტს გამოუყოფს

ევროკავშირი (EU) სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დღეს ერევანში სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პროგრამა სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობის სფეროებში რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება.


„ჩვენ ვიწყებთ სომხეთისთვის მდგრადობისა და განვითარების პროგრამის მეორე ფაზას. ეს ნიშნავს, რომ 200 მილიონ ევროზე მეტი მიმართული იქნება სომხეთში კავშირების, მდგრადობისა და ბიზნესის განვითარებაში ინვესტიციების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მარტა კოსმა.


კოსმა ასევე განაცხადა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება მასშტაბური პროგრამების განსახორციელებლად, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ. მისი თქმით, „პოლიტიკური დიალოგი,ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway), ფარგლებში, ერთობლივი მუშაობისთვის პლატფორმა გახდება.


ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 19-20 სექტემბერს, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთს სტუმრობს.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან.

ევროკავშირი „იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით, ახლა შესაძლებლობა გაჩნდება, გაძლიერდეს ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და წინ წაიწიოს ევროკავშირის სტრატეგია უფრო სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის.“


კოსი მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ორი პროექტის ხელმოწერაში, ეწვევა EU4Sevan-ის ბიომრავალფეროვნების პროექტის ადგილს და დაათვალიერებს კრეატიული ტექნოლოგიების TUMO ცენტრს. ერევანში კომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ქალ ლიდერებს და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს.


მანამდე, მან აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას ღია და პროდუქტიული უწოდა.

„დღეს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პროდუქტიული და ღია საუბარი შედგა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტით კავშირებზე. ასევე მივულოცე პრეზიდენტს ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა. ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას და მზადაა ჩართულობისთვის,“ - წერს კოსი სოციალურ ქსელში. მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებაც დაწერა და განაცხადა, რომ ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება.