ყაზახეთი ამერიკულ Wabtec-თან ახალი გარიგების გაფორმებით, შუა დერეფნის გასწვრივ, ტრანსპორტირების გაფართოებას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყაზახეთში 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდება იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკის თანდასწრებით, ამერიკულ კომპანია Wabtec-თან დაახლოებით, 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, იტყობინება Kazinform-ი.
დოკუმენტები ითვალისწინებს ყაზახეთისთვის, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდებას და მათ მოვლა-პატრონობას. ტექნოლოგიების სფეროში აღიარებული გლობალური ლიდერი, Wabtec Kazakhstan-ი, ყაზახეთის რკინიგზის ინდუსტრიის მოდერნიზაციის საკითხში მთავარი პარტნიორია.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლოკომოტივები, ევროპასა და აზიას შორის კავშირს გააძლიერებენ. „ყაზახეთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაფართოებას ცდილობს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს,“ განაცხადა თავის მხეივ, პრეზიდენტმა თოყაევმა ნიუ-იორკში ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ Wabtec-ის მნიშვნელოვან როლს ჩვენი საინჟინრო და სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორების განვითარებაში,“ - განაცხადა თოყაევმა.
„ამ კომპანიასთან პარტნიორობით, ყაზახეთი აშენებს არამხოლოდ ფიზიკურ ქსელებს, არამედ, ინტელექტუალურ, მონაცემებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებსაც. დღეს ჩვენ ვიხილეთ Wabtec-თან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ავიაციის სექტორს და აღნიშნა, რომ ფლაგმანური ავიაკომპანიები Air Astana და SCAT მართავენ Boeing-ის თვითმფრინავებს, რომლებიც ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის ხერხემალს წარმოადგენენ. „ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას Boeing-თან და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში დამატებით თვითმფრინავებს შევიძენთ,“ - დასძინა აღნიშნა თოყაევმა.
Wabtec Kazakhstan-ის ლოკომოტივების ასაწყობი ქარხანა ასტანაში 2009 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ამ პერიოდში კომპანიამ 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. მისი გაშვების დღიდან ქარხანამ ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია „ტემირ ჟოლისთვის“ და ექსპორტისთვის 600-ზე მეტი ლოკომოტივი გამოუშვა. წარმოების ლოკალიზაციის მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან არაერთი შეხვედრა გამართა რიგ კომპანიებთან.
ყაზახური მედიის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 22 სექტემბერს გაავრცელა.