თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა შეკრება 16:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. სტუდენტებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან მარში გამართეს. შეკრების ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის “ეროვნული კრების“ დეკლარაცია წაიკითხა.


„კენჭისყრაზე ვაყენებთ სამ საკითხს: ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს; რომ ე.წ. ხელისუფლებას კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ, მისი ძალაუფლება შეწყვეტილია; მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას და ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას,“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, „ამ წუთიდან შსს უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს.“


ამავე შეკრების დროს, მურთაზ ზოდელევამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისისკენ მიემართებიან, რათა „სასახლის გასაღები ჩაიბარონ.“

აქციის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. ადგილზე სპეცრაზმის გარკვეული რაოდენობა იყო მობილიზებული. სპეცრაზმის თანამშრომლებმა ადგილზე სპეციალური სითხე [ჯერჯერობით უცნობი, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი] გამოიყენეს.


განახლება: შსს-ს განცხადებით, მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.


ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და [ისინი] შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.“