კაია კალასი კიევში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი კიევში ჩავიდა.

მას კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დახვდა.


„უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის,“ - წერს კალასი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები განიხილავენ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებას ე.წ. რეპარაციების სესხის დასაფინანსებლად, საიდანაც კიევს სულ მცირე 140 მილიარდ ევროს (160 მილიარდი აშშ დოლარი) მიაწვდიან და რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დაიფარება, რაც მოსკოვი ომის რეპარაციების გადახდას დათანხმდება.


კალასი 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უხელმძღვანელებს, სადაც ევროპელი ოფიციალური პირები „თავდაცვის მზადყოფნასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.“