აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო.
ალიევმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარ თოყაევთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა.
„დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ეტაპი იწყება. ბოლო სამხედრო შეტაკებებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება ადასტურებს, რომ ორივე ქვეყანამ საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ასევე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე, არამედ, პრაქტიკაშიც.
„აზერბაიჯანმა სომხეთში საქონლის ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ მოქმედებდა. მიმაჩნია, რომ ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა არამხოლოდ ქაღალდზე, არამედ, პრაქტიკაშიც არსებობს,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.