ევროკავშირმა და უზბეკეთმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

24 ოქტომბერს, ბრიუსელში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით, უზბეკეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა-თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა.


დოკუმენტი უზბეკეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამართლებრივ ჩარჩოს აახლებს და მნიშვნელოვნად აფართოებს. ევროკავშირი და უზბეკეთი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 


ხსენებული დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის სახელით, კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მოაწერეს ხელი, 1996 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ჩაანაცვლებს. ამ პაქტით ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავების სურვილს ავლენს. ახალი შეთანხმევა აძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს ბრიუსელსა და ტაშკენტს შორის. თუმცა ის ასევე აერთიანებს მრავალ სფეროს, როგორიცაა - ვაჭრობა, ინვესტიციები, კვლევა, მდგრადი განვითარება და ინტელექტუალური საკუთრება. 


„გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შესანიშნავ ჩარჩოს შექმნის ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ევროკავშირი უზბეკეთისთვის საიმედო პარტნიორად დარჩება ამ საერთო გზაზე, მაშინ, როცა ჩვენ, არჩევანის საფუძველზე, მეზობლობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვინაცვლებთ,“ - აცხადებს კოშტა.


ევროკავშირსა და ტაშკენტს შორის ვაჭრობამ გასულ წელს 4.8 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2020 წლიდან მაჩვენებლის თითქმის გაორმაგებაზე მიუთითებს. ევროკავშირი უზბეკეთის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.