აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე ერთად იმუშავებენ - ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე, არსებული შეფერხებების აღმოფხვრაზე, დიგიტალიზაციის გაფართოებასა და დერეფნის საერთო გამტარუნარიანობის გაზრდაზე.


„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონის სრული სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გამოვლენას, სავაჭრო ბრუნვისა და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას,“ - აღნიშნა ასადოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ, რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე არიან კონცეტრირებულნი.


ასადოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.