ევროკავშირი შუა დერეფნის შესახებ ახალ წინადადებას წარადგენს

Trend-ის ცნობით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს თავის წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაში, რათა წინ წავიდნენ „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ რეალიზების მიზნით. ახალ წინადადებას განსახილველად და შემდგომი მუშაობისთვის ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინვესტორებისა და კავშირგაბმულობის ფორუმზე ტაშკენტში, 27 ნოემბერს წარადგენენ.


განცხადება მოჰყვა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირის მინისტერიალის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.


შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში კომისარი იოზეფ სიკელა.


განხილვები ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მდგრადობას; ფოკუსირებული იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგიონთაშორის კავშირზე. მონაწილეებმა ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერების გზები განიხილეს.


ტრანსპორტის სფეროში, მოლაპარაკებებისას ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებას და დიალოგის დაწყებას ევროკავშირს, შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაფართოების მიზნით. თანათავმჯდომარეების დასკვნების თანახმად, მომავალი წინადადება არსებულ პლატფორმებს დაეფუძნება და მასში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და პარტნიორები ჩაერთვებიან.