ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ახალი, $300 მილიონის ღირებულების პორტი აშენდება

ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ახალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება. იტყობინება აზერბაიჯანული მედია. განცხადება მანგისტაუს რეგიონის გუბერნატორმა ნურდაულეტ კილიბაიმ 25 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩინური კომპანიების ჯგუფი Zhongyong International-ია.


დასავლეთ ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტი დასავლეთით აზერბაიჯანის პორტებს, ბაქოსა და ალიატს, ხოლო სამხრეთით ირანის პორტ ბანდარ-ე ანზალის უკავშირდება. აქტაუ-ალიატის საბორნე გადასასვლელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში, რომელიც უფრო დიდი „სარტყელი და გზა“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს. ეს მარშრუტი მნიშვნელოვნად ამცირებს ევროკავშირში მიწოდების დროს.


რეგიონის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ ინვესტორმა რეგიონში კომპანია უკვე დაარეგისტრირა და საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის დოკუმენტებს ამზადებს.


„პროექტი ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას: ჩინეთი - ყაზახეთი - აქტაუ - ბაქო - ფოთი - ევროპა. მისი განხორციელება ტვირთის მიწოდების დროს 7-15 დღით შეამცირებს, ტრანსპორტირების ხარჯებს 18-25%-ით და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის,“ - აღნიშნა კილიბაიმ.


ზაფხულის განმავლობაში, მანგისტაუს ხელისუფლებამ, აქტაუში თანამედროვე საზღვაო პორტისა და ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის შესახებ რამდენიმე ჩინურ ფირმასთან მოლაპარაკებები გამართა. მას შემდეგ, Zhongyun International-მა ადგილობრივი შვილობილი კომპანია დაარეგისტრირა და ის საინვესტიციო შეთანხმებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს. კურიკის პორტი ამჟამად წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ტვირთს ამუშავებს, აქედან - 4.1 მილიონი ტონას რკინიგზის ტერმინალის და 1.9 მილიონი ტონას საგზაო ტერმინალის მეშვეობით.