გასული თვე წლის ყველაზე წარმატებული თვე იყო საოკუპაციო არმიისთვის, რომელიც საშინელი დანაკარგების ფასად იკავებს უკრაინის ტერიტორიას. ამასობაში, დონეცკის რეგიონში წინსვლა, რომლის სრულად ჩაბარებასაც მოითხოვს ვლადიმერ პუტინი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, პრაქტიკულად შეჩერებულია.
AFP-ის ცნობით, რომელიც ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებს ეყრდნობა, ერთ თვეში რუსეთმა 701 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო - ეს წელს ყველაზე მეტი და 2024 წლის ნოემბრიდან მეორე უდიდესი წინსვლაა, თუ არ ჩავთვლით შეჭრის პირველ თვეებს, როდესაც ფრონტის ხაზი ძალიან მობილური იყო.
ISW-სა და criticalthreats.org-ის პროექტის მონაცემებით, რუსეთის არმია სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 19.3%-ს. აქ შედის როგორც ის რაიონები, რომლებიც კიევისა და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე, ის რაიონები, რომლებზეც რუსული არმია ამტკიცებს, რომ აკონტროლებს.
2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 7%, მათ შორის, ყირიმი და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. გარდა ამისა, ოქტომბერში პოკროვსკში, დონეცკის რეგიონის მთავარ თავდაცვით და ლოგისტიკურ ცენტრში შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ნოემბერში ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
გარდა ამისა, AFP აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში რუსული ჯარების წინსვლა კვლავ შენელდა. მათ დაახლოებით 130 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც წლის სხვა თვეების საშუალო მაჩვენებლის ნახევარია და ამჟამად რეგიონის 81%-ზე მეტს აკონტროლებენ.
პუტინი სწორედ დონეცკის რეგიონს ითხოვს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ სამშვიდობო შეთანხმებების დროს ტერიტორიული დათმობები გამორიცხა. რუსულ ჯარებს ყველაზე დიდი წინსვლა ზაპოროჟიეს რეგიონში აქვთ. მათ 272 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს; იგივე რაოდენობა, რაც მათ სულ წინა ოთხი თვის განმავლობაში აიღეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონში თითქმის 200 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებულია. 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა თითქმის 5,400 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. რუსეთი უკრაინაში 2020 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.
მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დღეს წერს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ესკალაციის საპასუხოდ, NATO რუსეთის მიმართ უფრო აგრესიულ ზომებს განიხილავს.
ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ უფრო აგრესიულ ან პროაქტიულ მოქმედებაზე რეაქციის ნაცვლად.“
ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ Financial Times-ს განუცხადა, რომ NATO მოსკოვის ჰიბრიდულ ომზე რეაგირების გაძლიერებას განიხილავს და „პრევენციული დარტყმა“ შეიძლება, „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს.
მოსკოვმა კომენტარებს „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა და NATO ესკალაციაში დაადანაშაულა.
მოსკოვის მიმართ ალიანსის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „გადამწყვეტი კვირის“ ფონზე იცვლება.