NATO რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მიდგომას განიხილავს

NATO რუსეთის კიბეროპერაციებზე, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე უფრო აგრესიული რეაგირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ალიანსის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა Financial Times-ს (FT) განუცხადა.


NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ალიანსი ხელახლა აფასებს, თუ როგორ უმკლავდება ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც მთელ ევროპაში გაძლიერდა.


„ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ... კიბერ-ინტერვენციებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთგვარად რეაქტიულები ვართ. უფრო აგრესიულები ან პროაქტიულები ვართ რეაქციის ნაცვლად - ეს ისაა, რაზეც ვფიქრობთ,“ - განუცხადა დრაგონემ FT-ს. მან ასევე განაცხადა, რომ „პრევენციული დარტყმა“ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა „უფრო შორს არის ნორმალური აზროვნებისა და ქცევისგან.“


მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ზოგიერთმა წევრმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, უფრო მკაცრი პოზიციის დაკავება მოითხოვა, დრაგონემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს სამართლებრივი და იურისდიქციული შეზღუდვების ფრთხილად განხილვას.


დრაგონემ NATO-ს ბალტიის მისია წარმატებული შეკავების მაგალითად გამოყო. ოპერაციის ფარგლებში ალიანსი 2023 და 2024 წლებში კაბელების გადაჭრის მრავალჯერადი ინციდენტების შემდეგ, ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის მოკავშირეთა გემებს, თვითმფრინავებსა და საზღვაო დრონებს ანთავსებს.


„Baltic Sentry-ის დაწყებიდან არაფერი მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ეს შეკავების მექანიზმი მუშაობს,“ - განუცხადა დრაგონემ FT-ს. დრაგონეს თქმით, NATO-სთვის მთავარი გამოწვევა მომავალში ჰიბრიდული თავდასხმების თავიდან აცილების გზების განსაზღვრაა. 


„როგორ მიიღწევა შეკავება — შურისძიების, პრევენციული დარტყმის გზით — ეს არის ის, რაც ჩვენ ღრმად უნდა გავაანალიზოთ, რადგან მომავალში შესაძლოა, ამაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იყოს,“ - განმარტა NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა.