თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში რუსულ გემებზე ბოლო თავდასხმა სიტუაციის საგანგაშო ესკალაციად შეაფასა. თურქეთის მთავრობის სხდომის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა ისეთ დონეს მიაღწია, რაც აფრთხეს უქმნის შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოებას.
„ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია, გავამართლოთ ეს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გადაზიდვების უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და გარემოს, განსაკუთრებით, ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში,“ - განაცხადა ერდოღანმა.
უკრაინის მედიასაშუალებებმა 29 ნოემბერს გამოაქვეყნეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე Sea Baby-ის ტიპის საზღვაო დრონებით მიტანილ იერიშს ასახავს. ჩანაწერში ჩანს დარტყმის მომენტი და ბორტზე გაჩენილი ხანძარი. უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები წერენ, რომ საქმე ეხება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და საზღვაო-საბრძოლო ძალების ერთობლივ ოპერაციას. გავრცელებული ცნობით, ტანკერები ცარიელი იყო და ისინი დასატვირთად მიემართებოდა რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში.
ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ უკრაინის საზღვაო დრონებმა განახორციელეს ტანკერებზე დარტყმა. წინა ღამით, თურქეთის ხელისუფლება იუწყებოდა ხანძრებზე, რომლებიც შავ ზღვაში ნავთობის ორ ტანკერზე - "გარე მოქმედების" შემდეგ გაჩნდა. ორივე ხომალდს დასავლეთის სანქციები აქვს დაწესებული.