ევროკავშირი სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დივერსიფიკაციისთვის, 500 მილიონ ევროს ჩადებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.
„ეს არის 500 მილიონი ევროს ინვესტიცია თქვენი ენერგეტიკული სისტემის საქართველოსთან დასაკავშირებლად და ჩვენ ასევე ვმუშაობთ სომხეთ-თურქეთის ენერგეტიკულ სისტემაზე, რათა შევამციროთ თქვენი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე.
ჩვენ გვაქვს სპეციალური ენერგეტიკული პროგრამები მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. მაგალითად, როდესაც 2022 წელს ომი დაიწყო [უკრაინაში - რედ.], ევროპა რუსეთიდან გაზის 60%-ის, ქვანახშირის 50%-ის და ნავთობის დაახლოებით 40%-ის იმპორტს ახდენდა. ახლა ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტი შეჩერებულია და ჩვენ თანდათან ვამცირებთ დამოკიდებულებას გაზის იმპორტზე, რაც როგორც იცით, არასდროს არის მარტივი,“ - განმარტა ევროკიმისარმა.
კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ტაშკენტში მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთი მიიღებს მხარდაჭერას კავკასიის ენერგეტიკული სისტემის პროექტის ფარგლებში, რათა გააუმჯობესოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გააძლიეროს და დივერსიფიცირება გაუწიოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეამციროს დამოკიდებულება გარე აქტორებზე.
ევროკავშირი ამ სფეროში თანამშრომლობს გერმანიის KfW განვითარების ბანკთან. კავკასიის ენერგეტიკული სისტემის პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში საიმედო და ურთიერთსასარგებლო საზღვრისპირა ენერგოგაცვლის უზრუნველყოფა სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების სინქრონიზაციის გზით.
გარდა ამისა, ევროკავშირი სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად, 15 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ აგვისტოში ვაშინგტონში პარაფირებული შეთანხმებები „ნამდვილ გარღვევას“ აღნიშნავს და რომ ფაქტობრივად დასრულდა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კონფლიქტი.
„ევროკავშირი სრულად გიჭერთ მხარს. დღეს მინდა, გამოვაცხადო 15 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ მშვიდობის შენარჩუნებისა და სომხეთის მდგრადობის გასაძლიერებლად. ეს დაფინანსება მხარს დაუჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, მათ შორის, განაღმვას, წვრთნებსა და აღჭურვილობის მიწოდებას, ასევე, რეგიონში ნდობის აღდგენის ღონისძიებებს,“ - აღნიშნა კალასმა.
ისე ასევე გამოვიდა გააფრთხილებით, რომ სომხეთი შესაძლოა, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული კამპანიებისა და უცხოური ჩარევის გაძლიერების წინაშე აღმოჩნდეს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დაფინანსების ნაწილი მიმართული იქნება ასეთი საფრთხეების იდენტიფიცირების, ანალიზისა და მათზე სწრაფი რეაგირებისკენ.