ევროკომისარი მარტა კოსი სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის ფორმატის შექმნის წინადადებით გამოვიდა

ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარი მარტა კოსი გამოვიდა წინადადებით, რომ შეიქმნას ოთხმხრივი ფორმატი – სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირი, რომელიც სატრანსპორტო კავშირების საკითხებზე იმუშავებს.


ამის შესახებ კოსმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა აზერბაიჯანული მედიის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ევროკავშირი შუა დერეფნის განვითარებისთვის. მან განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP დერეფანი) სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ ის უნდა იყოს დაკავშირებული როგორც დასავლეთთან, ასევე, აღმოსავლეთთან.


„ოქტომბერში დავიწყეთ ამ თემის განხილვა. დღეს მინისტრს ვთხოვე, წარმოგვედგინა სომხეთის პრიორიტეტები ტრანსპორტის დაკავშირებადობის დღის წესრიგში და შემდეგ, ერთად განვიხილავთ მათ,“ – აღნიშნა კოსმა.


მისი თქმით, შესაძლებელია, გადაიდგას მრავალი ნაბიჯი დაკავშირებადობის მიმართულებით, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშვიდობიან გარემოში.


ბრიუსელში გაიმართა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრა. შეხვედრის შედეგებით სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.


დოკუმენტი ცვლის 2017 წლის პარტნიორობის პრიორიტეტებს და ადგენს უფრო ამბიციურ გზამკვლევს, რომელიც ეფუძნება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA).