სიკორსკი მასკს: წადი მარსზე - იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის მოწოდებას ევროკავშირის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„წადი მარსზე - იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს,“ წერს სიკორსკი X-ზე.


ილონ მასკმა ევროკავშირის მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარასკევს ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი დააჯარიმა.


„ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი,“ - დაწერა მასკმა.

„რამდენი დრო რჩება ევროკავშირის გაქრობამდე? გააუქმეთ ევროკავშირი,“ - დაწერა მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში.


ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ, რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.