ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდა. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.
ხსენებული გადაწყვეტილება უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს.
„რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით. ვიდრე ეს სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, რუსეთის ხარჯები ზრდას განაგრძობს. ეს ძლიერი გზავნილია უკრაინისთვის: გვსურს, რომ ჩვენი მამაცი მეზობელი კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
„რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ,“ - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის რუსეთის თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე რუსეთი მის მიერ მიყენებული ზარალისთვის უკრაინას რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება,“ - წერს კალასი X-ზე.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„ოქტომბერში, ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩებოდა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს არ დაასრულებდა და მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებდა. დღეს ეს ვალდებულება შევასრულეთ. შემდეგი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა“, - აღნიშნავს კოშტა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისა და რეპერაციული სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18-19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან.