კალასი: თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის მთელი უკრაინის დაპყრობას გააგრძელებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას.


„დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, ციხესიმაგრე დაინგრევა და შემდეგ აუცილებლად გააგრძელებენ მთელი უკრაინის დაკავებას. თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ჩვენ ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ,“ - აღნიშნა კალასმა.


უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კომენტირებისას მანვე აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება, მხოლოდ დოკუმენტები ან დაპირებები იყოს.

„ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. როგორც ადრე ვთქვი, ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთი თავს დაესხა მინიმუმ 19 ქვეყანას, ზოგიერთ მათგანს სამჯერ თუ ოთხჯერ. არცერთი ეს ქვეყანა არასდროს დასხმია თავს რუსეთს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიები დანარჩენებს სჭირდებათ,“ - აღნიშნა კალასმა.


მედიაში გავრცელებილი ცნობებით, უკრაინა მზადაა, დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას. ამასთანავე, წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების ცალმხრივად გაყვანის განხილვაზე უარი განაცხადა.


14 დეკემბერს ბერლინში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის, ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელ X-ში უიტკოფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ღრმა დისკუსია ჰქონდათ 20-პუნქტიან გეგმაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ბევრ სხვა თემაზე და მიღწეულია „დიდი პროგრესი.“


გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს გაგრძელდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც ომის დასასრულებლად უკრაინას და რუსეთს სთავაზობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. მოლაპარაკებებზე ზელენსკიმ დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის წინადადება უარყო. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული მხარე მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა წინასწარი ტერიტორიული დათმობების გარეშე უნდა მოხდეს და მაქსიმუმი, რაზეც კიევი თანახმაა, ეს ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე საომარი მოქმედებების შეჩერებაა. ამ დროისთვის მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.