ევროკავშირმა ჰიბრიდული საფრთხეების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ქმედებების, უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ კიბერშეტევების გამო, სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 2 ორგანიზაციას დაუწესდა.
სანქციების სიაში კრემლის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში მომუშავე საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები მოხვდნენ, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ.
ევროკავშირმა სანქციების სიაში ასევე შეიყვანა ის პირები, რომლებიც ანტი-უკრაინულ და NATO-ს საწინააღმდეგო ნარატივებს ავრცელებენ. სანქცირებულ პირთა შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყოფილი სამხედროები და პოლიციელები არიან.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი, ჟაკ ბოდი, რომელიც „პრორუსულ პროპაგანდასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს.“ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა ფრანგ ბიზნესმენსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერს, ქსავიე მოროს.
ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ამერიკელ ჯონ დუგანს, რომელიც ფლორიდის შერიფის ყოფილი მოადგილეა. დუგანი 2016 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრობს და მას „ბრალად ედება კრემლის სასარგებლოდ ციფრული ოპერაციების წარმოება, ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებგვერდების მუშაობაში მონაწილეობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ცრუ ისტორიების გავრცელება.“
დღეს, ევროკავშირმა სანქციების სია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგაც გააფართოვა. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მხარდაჭერის გამო სანქციები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას დაუწესდა.