აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში ხუთშაბათს, 18 დეკემბერს ბილაჯარის სადგურიდან გაიგზავნა. Report-ის ცნობით, 1220 ტონა AI-95 საავტომობილო ბენზინი, რომელიც 22 ვაგონში ჩაიტვირთა, ხუთშაბათ საღამომდე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) სატვირთო მატარებლით აღსტაფის რაიონში მდებარე ბოიუკ-კესიკის სადგურზე გადაიგზავნება.
შემდეგ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტით სომხეთში გადაიზიდება.
აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს შორის 28 ნოემბერს გაბალაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს SOCAR-ის მიერ წარმოებული AI-95 ბენზინის 22 ვაგონი გადაიზიდება.
„აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტს მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვს და ბენზინი საერთაშორისო ბაზრის ფასების შესაბამისად გაიყიდება.
მინდინარე წლის 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს,“ - წერს აზერბაიჯანული მედია და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს „სამშვიდობო დღის წესრიგი მხოლოდ დეკლარაცია არ არის, არამედ, ის პრაქტიკაშიც ხორციელდება.“
„აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში ასახავს სამშვიდობო პროცესში ეკონომიკური დივიდენდების კონცეფციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებისკენ. ეს ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მომავალში ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას,“ - წერს APA.