ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და დამატებით 41 გემს პორტებში შესვლა აუკრძალა.


„აღნიშნული ნაბიჯის მიზანს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლებიც ნავთობის ფასებზე ლიმიტს გვერდს უვლიან და რუსეთის ენერგოსექტორს მხარს უჭერენ; ან იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე ან მონაწილეობენ უკრაინიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულისა და ტვირთის ტრანსპორტირებაში,“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.


დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა ჯამში, 600-მდე გაიზარდა. ევროკავშირის საბჭო აცხადებს, რომ ბლოკი კვლავ მზადაა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთსა და მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ჯაჭვზე, მათ შორის, დამატებითი სანქციების მიღებით.


2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მასობრივად გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელთა მიზანია რუსეთის ეკონომიკური ბაზის მნიშვნელოვნად შესუსტება, მისთვის კრიტიკული ტექნოლოგიებისა და ბაზრების ჩამორთმევა და ომის წარმოების უნარის მნიშვნელოვნად შემცირება.