უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო დირექტორატის (GUR) უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, რუსეთმა ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური პირდაპირი აგრესიის ვადები შეამცირა და შესაძლოა, ასეთი ქმედებებისთვის მზად უკვე 2027 წელს იყოს.


ბუდანოვის თქმით, რუსეთის თავდაპირველი სტრატეგიული გეგმები 2030 წლამდე იყო გათვლილი, თუმცა ეს ვადები ახლა გადაიხედა და დაჩქარდა. მან ბალტიის ქვეყნები პოტენციური აგრესიის ყველაზე სავარაუდო მიმართულებად დაასახელა. „თავდაპირველი გეგმის თანახმად, რუსეთი 2030 წელს უნდა ყოფილიყო მზად მოქმედებისთვის. ახლა გეგმები 2027 წლისკენ შეცვლილია და შემოკლებულია,“ - განაცხადა ბუდანოვმა.


ბუდანოვმა აღნიშნა, რომ კრემლის მოტივაცია მხოლოდ სამხედრო არ არის, რუსეთი კვლავაც აღიქვამს საკუთარ თავს იმპერიად, რომლის არსებობაც მხოლოდ მისი გავლენის მუდმივი გაფართოებით არის შესაძლებელი და ეს ნარატივი რუსული საზოგადოების ღრმა ისტორიულ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებშიც არის ფესვგადგმული.


შეგახსენებთ, ევროკავშირის თავდაცვის საკითხებში კომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ გერმანიის დაზვერვას აქვს მტკიცებულებები კრემლის მიერ NATO-ს ქვეყნებზე პოტენციური თავდასხმის სცენართან დაკავშირებული დისკუსიების შესახებ. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსეთმა უკვე გააძლიერა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, ალიანსთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად, მათ შორის, „ცრუ დროშის“ პროვოკაციების გამოყენებით. 


უფრო ადრე, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება, რუსეთს შეუძლია, თავისი ძალები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაისროლოს.