სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ჯარებს გაგზავნიან - დეკლარაცია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.


ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.


„მსურველთა კოალიციის" მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და აშშ-თან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე. დღევანდელმა ერთობლივმა დეკლარაციამ ეს ნათელი ტერმინებით გამოაცხადა. ამასთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ მაკრონთან ერთად დღეს უფრო შორს წავედით. "განზრახვაზე დეკლარაციას" მოვაწერეთ ხელი, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ძალების განლაგების თაობაზე.


ეს გზას კაფავს სამართლებრივი ჩარჩოსთვის, რომლის ფარგლებშიც ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ.

დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით "სამხედრო ჰაბებს" შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის," - განაცხადა სტარმერმა.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარიზის დეკლარაცია „ძალიან კონკრეტული“ შეთანხმებაა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას უკვე აქვს საკმარისი დეტალები და იცის, რომელი ქვეყნები ჩაერთვებიან შეთანხმებაში, მათ შორის, რა წვლილს შეიტანს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

"საფრანგეთის, ბრიტანეთისა და უკრაინის სამხედროებმა დეტალურად იმუშავეს ძალების განლაგებაზე, რაოდენობაზე, იარაღის სპეციფიკურ ტიპებზე, შეიარაღებული ძალების კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა და იმუშავებს. უკვე გვაქვს საჭირო დეტალები. გვესმის რომელი ქვეყანა რისთვის არის მზად - "მსურველთა კოალიციის" ყოველი ქვეყანა. მინდა მადლობა გადავუხადო ყოველ ლიდერს, ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც ნამდვილად სურს იყოს სამშვიდობო მოგვარების ნაწილი.


ძალიან არსებითად ვისაუბრეთ ამერიკულ მხარესთან მონიტორინგზე, რათა მშვიდობის დარღვევები არ იყოს. ამერიკა მზად არის ამაზე იმუშაოს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკავებაა, ინსტრუმენტები, რომლებიც ახალ რუსულ აგრესიას აღკვეთენ. ამას ყველაფერს ვნახავთ," - წერს ზელენსკი.