ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის $300 მილიონს მიიღებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტომ (MIGA), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და Standard Chartered-მა ყაზახეთის ეროვნულ რკინიგზის ოპერატორს, შუა დერეფნის განვითარებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. ამის შესახებ IFC-ის მმართველმა დირექტორმა მახტარ დიოპმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა.


დიოპმა აღნიშნა, რომ თანხები გამოიყოფა ალმატის გარშემო 130 კილომეტრიანი ელექტროფიცირებული რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. შემოვლითი გზა, სავარაუდოდ, ალმატის გარშემო საცობებს 40 პროცენტზე მეტით შეამცირებს, მიწოდების დრო კი, 24 საათამდე შეამცირდება და გაუმჯობესდება ტვირთების ნაკადები ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC) გასწვრივ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი - სახმელეთო გზა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან აკავშირებს.


დაფინანსება მოიცავს IFC-ის 50 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას, AIIB-ის 150 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს და 100 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს, რომელიც მხარდაჭერილია MIGA-ს შეთავაზებული გარანტიით.


2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს ამ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვები, სავარაუდოდ, 5.2 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა გაივლის მარშრუტში მონაწილე ქვეყნებს. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი. 2027 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც გააძლიერებს აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს და შექმნის პირობებს ინფრასტრუქტურაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით სატვირთო გადაზიდვების სამიზნე პროგნოზი 2030 წლისთვის 11.4 მილიონი ტონაა.