ამერიკამ საქართველოს $234 150-ის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და კავშირგაბმულობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც ქართველ მაშველებს, გადაუდებელ სიტუაციებში, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებაში დაეხმარება.

აღნიშნული დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც მრავალი წელია, მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს საგანგებო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემით, ასევე, პრაქტიკული სწავლებით და გამოცდილების გაზიარებით,“ - ნათქვამია თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


შინაგან საქმეთა მინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერი - მაიორი ალეკ ჰარისონი.


„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას.


დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას,“ - იუწყება შსს. 


ალან პერსელის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება სამ ათწლეულზე მეტია, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

„ეს ასახავს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებების დროს სიცოცხლის გადარჩენისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიმართულებით,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.


მან ხაზი გაუსვა, რომ დახმარება ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული მექანიზმის გაძლიერებას და დეცენტრალიზებას.