დროა, ახალი დამოუკიდებელი ევროპა ავაშენოთ - ლაიენი

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური შოკები „ევროპისთვის შესაძლებლობად უნდა იქცეს.“


ლაიენის თქმით, „სეისმური ცვლილება“, რომელსაც მსოფლიო ხედავს, „ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის“ შექმნის შესაძლებლობაა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს საჭიროება ახალი არ არის და არც „რეაქცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე“, არამედ, „სტრუქტურულ იმპერატივად იქცა დიდი ხნის განმავლობაში.“

 „თუ ეს ცვლილება მუდმივია, მაშინ ევროპაც სამუდამოდ უნდა შეიცვალოს.“ „დროა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ავაშენოთ ახალი დამოუკიდებელი ევროპა.“

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროპა ირჩევს თავისუფლად ვაჭრობას ტარიფების ნაცვლად, პარტნიორობას იზოლაციის ნაცვლად, მდგრად განვითარებას ექსპლოატაციის ნაცვლად.“

ევროკომისიის პრეზიდენტმა გრენლანდიის საკითხზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ტარიფებით მუქარა შეცდომაა და არქტიკის უსაფრთხოებაში ევროპას და აშშ-ს საერთო ამოცანები აქვთ.


ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ „ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე, რომელშიც შევა არქტიკის რეგიონის საკითხიც და ეს სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება.