ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებას "მთავრობის დათხოვნის" შესახებ. ინფორმაცია დღეს 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
სააგენტო Рес-ი წერს, რომ გაგლოევმა "მთავრობის მეთაური" კონსტანტინ ჯუსოევი "მისი განცხადების საფუძველზე" გაათავისუფლა.
ჯუსოევის მოვალეობას "ვიცე-პრემიერი" ძამბოლატ ტადტაევი შეასრულებს.
"სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა თავისი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებზე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჯუსოევის გადადგომა დაკავშირებულია რუსული დაფინანსების არამიზნობრივ გამოყენებასთან და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ კითხვებთან. ირწმუნებიან, მოსკოვი დაინტერესდა „სად გაქრა 2,5 მილიარდი რუბლი... ალან გაგლოევი ყველაფერში კონსტანტინ ჯუსოევს დაადანაშაულებს,“ - წერს BONV[Ӕ]RNON-ი.
ჯუსოევი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას 2022 წლიდან, ალან გაგლოევის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელობს. მანამდე ჯუსოევი სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. მისი კომპანიები ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე პროექტის მშენებლობაში მონაწილეობდა.