ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ახალი წესები, ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.
„აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს გარდამავალი პერიოდი ექნება. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან,“ - წერია ინფორმაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური ჯარიმები, მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, კომპანიის მსოფლიო წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან ტრანზაქციის სავარაუდო ბრუნვის 300%.
2026 წლის 1-ელ მარტამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციური სირთულეები. ამ მიზნით, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, აცნობონ ხელისუფლებას და კომისიას რუსული გაზთან დაკავშირებით დარჩენილი ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც კვლავ რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ, ასევე მოუწევთ დივერსიფიკაციის გეგმების წარდგენა.
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტის შესახებ. შესაბამისი წინადადებები ევროპარლამენტმა ოფიციალურად 2025 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა.