ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გააფორმეს

ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თითქმის ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პაქტს „ისტორიული“ უწოდა.


შეთანხმება 27 იანვარს, ნიუ-დელიში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააფორმეს.


ევროკავშირის განცხადებით, ნიუ-დელი ხუთი წლის განმავლობაში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 10%-მდე შეამცირებს, რაც სარგებელს მოუტანს ევროპელ ავტომწარმოებლებს - Volkswagen-ს, Renault, Mercedes-Benz-სა და BMW-ს.


შეთანხმება უზრუნველყოფს საქონლით თავისუფალ ვაჭრობას 27 ევროპული სახელმწიფოს ბლოკსა და მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთად გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 25%-ს და ორი მილიარდი ადამიანის ბაზარს შეადგენენ. შეთანხმება ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრზე ტარიფების უზარმაზარ შემცირებას და ერთობლივ უსაფრთხოების პარტნიორობას.


„მთელი მსოფლიო ამას ყველა შეთანხმების დედას უწოდებს. ეს შეთანხმება ინდოეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობისა და ევროპის მილიონობით ადამიანისთვის დიდ შესაძლებლობებს შექმნის,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


ლაიენის თქმით, ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან და ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე.  


„ჩვენ დავასრულეთ ყველა გარიგების დადება. შევქმენით თავისუფალი სავაჭრო ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, საიდანაც ორივე მხარე ისარგებლებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას აფასებს - „ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ.“