ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე შეთანხმდა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. 


აღნიშნული თანხა უკრაინას 2026-2027 წლებისთვის გადაეცემა და რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების ფონზე, ქვეყანას სასწრაფო ფინანსური საჭიროებების, კონკრეტულად კი, ზოგადი ბიუჯეტისა და თავდაცვითი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება.


ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა, რომ აღნიშნული სესხი დაფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხებით და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით.


განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭოს ახლა ევროპარლამენტთან სწრაფ შეთანხმებას ელის, რათა პირველი ტრანში უკრაინას უკვე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გადაეცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსება დაკავშირებული იქნება მკაცრი პირობების შესრულებასთან, როგორიცაა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ, შორის კორუფციასთან ბრძოლა.


შემოთავაზებული ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირი უკრაინას დაფინანსებას ორი გზით მიაწვდის: 30 მილიარდი ევრო მაკროეკონომიკური მხარდაჭერის სახით გამოიყოფა და განხორციელდება უკრაინის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის სპეციალური ინსტრუმენტია უკრაინისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 60 მილიარდი ევრო კი, გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადებისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად. ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხში მესამე ქვეყნების შესაძლო ჩართვაზეც შეთანხმდნენ.