„საქართველო შუა დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ, მისი საკვანძო რგოლია“ - მინისტრის მოადგილე

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარა იოსელიანი აცხადებს, რომ შუა დერეფანი ერთიანი სისტემის სახით უნდა ფუნქციონირებდეს და ამჟამად საქართველო მისი მთავარი რგოლია.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიული კვირეულის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი. 


„დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ, საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს, როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.


იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც დერეფნის აქტუალობას ადასტურებს.

თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან.


„საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს, როგორც ერთი სისტემა – დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.