ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსულ ენერგეტიკაზე, ბანკებზე, საქონელსა და მომსახურებაზე შეზღუდვებს აფართოებს. სანქციების მე-20 პაკეტი მოიცავს რუსული ნედლი ნავთობისთვის საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას და მიზანში იღებს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 43 გემს. გადაწყვეტილების მიმღებნი კოორდინაციაში არიან G7-ის პარტნიორებთან.
„სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ახალი ზომები მიზნად ისახავს მოსკოვის მიერ ომის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების შეჩერებას. შემოთავაზებული პაკეტის მიხედვით, ევროპულ კომპანიებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის დაზღვევის, გადაზიდვების, დაფინანსების და სხვა ძირითადი მომსახურების მიწოდება აეკრძალება.
ამასთან, დაწესდება აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებისა და ყინულმჭრელი გემების მოვლა-პატრონობასა და სხვა მომსახურებაზე. ახალი ზომები ასევე გაამკაცრებს ზეწოლას რუსეთის საბანკო სექტორზე. კერძოდ, სანქციების სიაშია 20 რეგიონული ბანკი. ასევე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული არხები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება და მესამე ქვეყნების ბანკებიც, რომლებიც უკანონო ვაჭრობას უწყობენ ხელს.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი მის სამხედრო ქარხნებში იწყება. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზისა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების დამსხვრევა ამის მიღწევის საშუალებაა. ომები სრულდება, როდესაც ერთ მხარეს ფული უმთავრდება. მოსკოვში ფულის დინების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის შესაჩერებლად.
ტრანზაქციული აკრძალვები შეეხება კიდევ მეტ ბანკს, რომლებიც კრემლს კვებავენ, როგორც რუსეთში, ასევე, მესამე ქვეყნებში. ყველას შეუწყდება SWIFT-ზე წვდომა.
ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას, მეტ ზომას მივიღებთ კრიპტოვალუტების მხრივ და ავკრძალავთ რუსული კრიპტოსაშუალებების სერვისების მიმწოდებლებთან ინტერაქციებს,“ - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში.
კალასი ამბობს, რომ მოსკოვი უძლეველი არ არის.
„ბრძოლის ველზე მისი არმია წინ ვერ მიიწევს. სახლში, მისი ეკონომიკა სუსტდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მეტ ზეწოლასა და უკრაინისთვის გაზრდილ სამხედრო დახმარებას შეუძლია, ეს ომი შეამოკლოს. რუსეთის ომის მანქანა ენერგორესურსების გაყიდვით ცოცხლობს. ისინი უნდა შევაჩეროთ,“ - აცხადებს კალასი.
ნავთობისა და გაზის შემოსავლები რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს, რაც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაფინანსებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის წყაროდ მიიჩნევა.