ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ჯარებმა დაკარგეს სატელიტური ინტერნეტის, Starlink-ის ტერმინალების გამოყენების შესაძლებლობა. ამის შესახებ NATO-ს მაღალი რანგის წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის კომპანია SpaceX-ს შეუთანხმდა Starlink-ის გათიშვაზე იმ ტერმინალებისთვის, რომლებიც უკრაინის „თეთრ სიაში“ არ არის შეტანილი. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ გამოერიცხათ ასეთი ტერმინალების გამოყენება რუსეთის არმიის მიერ.
„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის არაავტორიზებული გამოყენების შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო,“ - დაწერა თავის მხრივ, ილონ მასკმა X-ზე.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ შემოიღეს „თეთრი სიის“ სისტემა, რომელიც ქსელთან დაკავშირების საშუალებას მხოლოდ ავტორიზებულ Starlink ტერმინალებს აძლევს. რუსეთი ამ ტერმინალებს იყენებდა ფრონტზე კავშირის უზრუნველსაყოფად.
„ამ მომენტისთვის ამ კავშირის გაწყვეტამ რუსებს რთული ვითარება შეუქმნა მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით და ეს უთუოდ ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ამ ქვედანაყოფების მართვის უფრო შესამჩნევი და ტრადიციული საშუალებების გამოყენება,“ - განაცხადა NATO-ს წარმომადგენელმა.
„რა ალტერნატივაც უნდა მოიფიქრონ რუსებმა, ისინი, სავარაუდოდ, არ იქნება ასევე ეფექტიანი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამას უთუოდ ვიხილავთ ბრძოლის ველზე. გარკვეულწილად ის წარმატება, რომელსაც უკრაინამ ახლახან მიაღწია ზაპოროჟიეში, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის მიერ Starlink-ზე წვდომის დაკარგვასთან,“ - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ Starlink-ის გამოყენების დაბლოკვის შედეგად „რეალურ შედეგებს“ ხედავს.
უკრაინის განცხადებით, მასკის მიერ Starlink-ზე წვდომის დაბლოკვის შემდეგ, რუსეთის შეტევა შენელდა.
როგორც Politico წერს, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, რომლებმაც წარსულში მასკი ანტიუკრაინული რიტორიკის გამო შეაქეს, ახლა უკმაყოფილება გამოთქვეს.
Guardian-ის ცნობით, რუსი სამხედროები Starlink-ის ალტერნატივის პოვნას ცდილობენ.
ცნობისთვის, 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით 50 000-ზე მეტი ტერმინალი უკრაინაში დონორების, საერთაშორისო პარტნიორების და უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დახმარებით განლაგდა. გარდა ამისა, უკრაინელებმა ასობით ათასი ტერმინალი შეიძინეს სამოქალაქო საჭიროებების და ეროვნული ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად.
„Starlink-ს იყენებენ ინტერნეტ პროვაიდერები და ტელეკომუნიკაციების ოპერატორები, სამედიცინო და სამხედრო პერსონალი, მასწავლებლები და მოხალისეები, ჟურნალისტები და IT კომპანიები, ასევე, მდგრადობის ცენტრებში მოქმედი სამაშველო ჯგუფები, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
ანალიტიკოსების თქმით, ალტერნატივები არსებობს, თუმცა ის Starlink-ს გაცილებით ჩამორჩება. მოკლე დისტანციის კავშირებისთვის დანაყოფებს შეუძლიათ, დაეყრდნონ ბოჭკოვან ოპტიკურ ხაზებს, wifi-ზე დაფუძნებულ რადიოხიდებს ან ციფრულ რადიო მოდემებს, რომელთა გამოყენებაც მობილური ოპერაციებისთვის უფრო რთულია.
რუსეთი ასევე ფლობს საკუთარ სატელიტური კომუნიკაციებს, მათ შორის, Gazprom Space Systems-ის მიერ მართულს სისტემებ, რომლებიც ომის დროს შეზღუდული მასშტაბით გამოიყენებოდა, თუმცა კომპანია მხოლოდ მცირე რაოდენობის გეოსტაციონარულ სატელიტებს მართავს, რაც არათანაბარ დაფარვას და მონაცემთა გადაცემის დაბალ მოცულობას ნიშნავს.
„მტრისთვის Starlink იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცდილობენ, შექმნან მთელი ქსელი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მზად არიან, მათთვის ტერმინალები დაარეგისტრირონ,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.