სტარმერის თქმით, ევროპა „ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს“

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან „უფრო ღრმა კავშირები“ სჭირდება და რომ ევროპა „ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს.“


თავდაცვის ვალდებულებებთან დაკავშირებით, სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპა „საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს“ და დამოუკიდებლად შეძლოს მოქმედება.


მისი თქმით, ეს შესაძლებელია „წვრილმანი საზრუნავის“ დასრულებით და უფრო ევროპული NATO-ს შექმნით, რომელიც „ღრმა კავშირებზე“ იქნება დაფუძნებული.


პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საფუძვლის ნაწილი შეიძლება, აშენდეს იმის ჩვენებით, რომ „ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანად თანაცხოვრება.“


„ჩვენ აღარ ვართ ბრექსიტის წლების პერიოდის ბრიტანეთი,“ — აღნიშნა სტარმერმა, რასაც დარბაზში ხმამაღალი აპლოდისმენტები მოჰყვა.


მისივე განცხადებით, „საშიშ სამყაროში კონტროლს ვერ მოიპოვებ შინ ჩაკეტვით — ეს პირიქით, დათმობას ნიშნავს.“


„და მე ამის დაშვებას არ ვაპირებ,“ — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


სტარმერმა რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გამოთქვა. 

მისი გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ წელს არქტიკაში ბრიტანული ავიამზიდების მოიერიშე ჯგუფი განთავსდება.


დიდი ბრიტანეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს ოპერაცია აშშ-სთან, კანადასთან და NATO-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად განხორციელდება.


სტარმერი ამ გადაწყვეტილებას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი დიდი ბრიტანეთის ერთგულების „ძლიერ დემონსტრირებად“ აფასებს. სტარმერის თქმით, ევროპა კონფლიქტს არ ეძებს და მისი მიზანი ხანგრძლივი მშვიდობაა.


მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ცდილობს უფრო ღრმა ეკონომიკური კავშირების დამყარებას ევროპასთან. 


სტარმერი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ვაჭრობის მეტ სფეროში „ერთიან ბაზარს“ დაუახლოვდება.


მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა შეისწავლოს სფეროები, სადაც მას შეუძლია ევროკავშირის ერთიან ბაზართან დაახლოება.


„ჩვენ გვსურს ერთად ვიმუშაოთ, რათა თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობაში თაობათა ცვლა განვახორციელოთ.


ახლა ეს ეხება ეკონომიკური ჰარმონიზაციის ხელახლა განხილვას,“ - აღნიშნა სტარმერმა, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლიდან ექვსი წლის შემდეგ.


გრენლანდიასთან დაკავშირებით, სტარმერმა განაცხადა, რომ მოხარულია, რომ საკითხი ახლა ძალის გამოყენებით და არა დიპლომატიური არხებით წყდება. მისი თქმით, ამ დავამ ვერ დაარღვია აშშ-დიდი ბრიტანეთის ალიანსი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, „ახლა ისე მჭიდროა, როგორც არასდროს.“