ალიევი: დამაკავშირებელი პროექტები გაგვაერთიანებს, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი დაიწყებენ სამმხრივ თანამშრომლობას

დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები სამხრეთ კავკასიაში სრულიად ახალ სიტუაციას შექმნის, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.


კერძოდ, დისკუსია მოეწყო თემაზე: „ღია დერეფნის პოლიტიკა? ტრანსკასპიური თანამშრომლობის გაღრმავება.“


ალიევი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო გზების გახსნისა და ვაჭრობის გაფართოებით, რეგიონი უფრო ურთიერთდამოკიდებული გახდება.


„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა.


ასევე დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით ფაქტობრივად დავიწყეთ ორმხრივი ვაჭრობა. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას,“ – განაცხადა ალიევმა.