„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თუმცა პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს,“ - განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს.
„მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კალასის განცხადებით, სიმართლეა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ბევრი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ნაწილში — იქნება ეს საქართველო, თუ იქნება ეს მოლდოვა. ამიტომ, ევროპელი დიპლომატის შეფასებით, ცხადია, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭიროა, მათ დატოვონ ყველა ის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც იმყოფებიან.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის ეს მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებებში სიტუაციის ოდნავ დასაბალანსებლად და ფოკუსის რეალურ პრობლემაზე გადასატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას.
უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების დონის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში.