ევროკავშირმა რუსი მოსამართლეები, პროკურორი და გამომძიებელი დაასანქცირა

ევროკავშირმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რვა პირს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელები.


ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამო ევროკავშირმა რუს მოსამართლეებს, ერთ პროკურორსა და ერთ გამომძიებელს სანქციები დაუწესა.


„დღეს საბჭომ სანქციები დაუწესა რვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებზე, ასევე რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.


დაწესებული სანქციები მათთვის ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.