აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი მესიჯი მარტივია „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.
ტრამპის თქმით, აშშ გაანადგურებს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის დარტყმები „სრულიად არაპროვოცირებული, უკანონო და არალეგიტიმურია."
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ამბობს, ირანის ძლიერი შეიარაღებული ძალები „მზად არიან ამ დღისთვის და აგრესორებს იმ გაკვეთილს ასწავლიან, რასაც იმსახურებენ."
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ 28 თებერვალს, ირანის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში, მინაბის ოლქში, გოგონების დაწყებით სკოლაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორმა მოჰამედ რადმერმა განაცხადა, რომ კიდევ 48 ადამიანი დაიჭრა და სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. BBC წერს, რომ ამ ნათქვამის დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლია - საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს ხშირად უარს ეუბნებიან ირანში ვიზების გაცემაზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ შესაძლებლობას, შეაგროვონ ინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ. გარდა ამისა, ირანში „თითქმის სრულადაა" ინტერნეტი გათიშული.
ახლო აღმოსავლეთში ირანის საპასუხო დარტყმების ამსახველი ვიდეოები ვრცელდება. რეგიონში აშშ-ის საჰაერო ბაზებია განლაგებული, რომლებიც სავარაუდო სამიზნეებია. ბაჰრეინი ყურის რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც დაბომბეს. ერთ-ერთ დადასტურებულ ვიდეოში, რომელიც მოძრავი მანქანიდან არის გადაღებული, ნაჩვენებია რაკეტის დარტყმის მომენტი. აფეთქების შედეგად, ფრაგმენტები და ნამსხვრევები ჰაერში იშლება.
ბაჰრეინის ეროვნული საკომუნიკაციო ცენტრი აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის მომსახურების ცენტრი „სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა." ის პასუხისმგებელია ყურეში, წითელ ზღვაში, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ნაწილებში ოპერაციებზე. ბაჰრეინიდან გადაღებულ სხვა დადასტურებულ ვიდეოებში ჩანს კვამლის შედეგად გამოწვეული მუქი ღრუბლები, ქალაქში სირენების ხმა ისმის. "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" აფილირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ დაწერა, რომ „რეგიონში აშშ-ის ყველა ბაზა და ინტერესი ირანის რაკეტების სამიზნე გახდა."
"კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ბაჰრეინი და იორდანია აცხადებენ, რომ ირანიდან მათ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით გაშვებულ რაკეტებს აკავებენ. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს, მაგრამ თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯს ძალიან ფრთხილად გათვლიან.
სწორედ ეს არის შედეგი, რომლის თავიდან ასაცილებლადაც რეგიონის ლიდერები ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობდნენ და ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლობას ცდილობდნენ. ახლა უკვე ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის რჩევა მიიღო და არა მისი არაბი მოკავშირეების. არაბები შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმები რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ომში ჩაითრევს მას. ისინი შიშობენ, რომ ირანს შეუძლია არამხოლოდ აშშ-ის სამიზნეებზე თავდასხმა მათ ტერიტორიაზე, არამედ, ინფრასტრუქტურაზეც, როგორიცაა გაზისა და ნავთობის ობიექტები, ან შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დახუროს, რომლის გავლითაც ნავთობის ექსპორტი ხორციელდება. უარეს შემთხვევაში, ისინი წუხან, რომ ირანის სახელმწიფო შეიძლება, დაიშალოს, რაც გამოიწვევს ლტოლვილებისა და იარაღის ნაკადს მათ საზღვრებზე, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი რეჟიმის შეცვლაა," წერს BBC.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტის განეიტრალების შედეგად, ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა.