ერდოღანი: მწუხარებით შევიტყვე, რომ ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.


თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის.


„თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ,“ – აღნიშნავს ერდოღანი.


თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანმა რეგიონში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა.


„ერდოღანმა სამძიმარი გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ნათქვამია ინფორმაციაში.


ერდოღანი ისრაელის მკაცრი კრიტიკოსია და ადრე აქებდა კიდეც „ჰამასს.“ 

თურქეთი ასევე NATO-ს ალიანსის წევრია შეერთებულ შტატებთან ერთად.


28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაცია „პრევენციულ დარტყმად“ შეაფასა, ხოლო აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადასტურეს ვაშინგტონის მონაწილეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანის შეიარაღებულ ძალებს, დაეყარათ იარაღი. ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ირანის საპასუხო დარტყმებმა გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, რამაც ხაზი გაუსვა კონფრონტაციის მასშტაბის გაფართოებას.