არაბთა გაერთიანებული საამიროების მასშტაბით ფრენები შეჩერებულია.
სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა ორგანომ (GCAA) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებთან სრული კოორდინაციით, უსაფრთხოებისა და ოპერატიული რისკების საფუძვლიან შეფასებას მოჰყვა. მარეგულირებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრების, ბორტგამტარების უსაფრთხოება და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება.
GCAA-მ განმარტა, რომ ის მჭიდროდ კოორდინაციას უწევს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების გრაფიკის სინქრონიზაციას, საგანგებო გეგმების გააქტიურებისა და ნორმალურ ოპერაციებში სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს მოუწოდებენ, თვალყური ადევნონ ოფიციალურ განახლებებს დამტკიცებული არხებით და დაუკავშირდნენ შესაბამის ავიაკომპანიებს უახლესი ინფორმაციის მისაღებად.
ცნობისთვგის, აბუ-დაბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ზაიედის საერთაშორისო აეროპორტს (AUH) დამიზნებული დრონი ჩაჭრეს, რის შედეგადაც „ნამსხვრევები ჩამოვარდა“, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) — მსოფლიოში მგზავრთნაკადით ყველაზე დაკავებული აეროპორტი — დაზიანდა „შემთხვევის“ შედეგად, რომლის დროსაც ოთხი თანამშრომელი დაშავდა, აცხადებენ ხელისუფლებაში, თუმცა დამატებითი დეტალებს არ ასაჯაროებენ. ბაჰრეინში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროპორტი დრონის მიერ მიზანში ამოღების შემდეგ დაზიანდა.
28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.
ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.
სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.