ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება.
„ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა,“ - განაცხადა ზამირიმ.
ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ის გუშინ ღამით, საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა ბეირუთში.
ჰეზბოლა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ისრაელმა ლიბანზე დარტყმების სერია დაიწყო ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვის საპასუხოდ. ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ლიბანის მასშტაბით იყო სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობი ტირში (სური).
გარდა ამისა, 2 მარტს ტელეარხმა Al Hadath-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა მოჰამედ რაადი, საპარლამენტო ფრაქცია „წინააღმდეგობის ერთგულების“ ხელმძღვანელი.
გამოცემის თანამოსაუბრის ცნობით, რაადთან ერთად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა.
ლიბანის მთავრობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა დაჯგუფებისთვის „უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი საქმიანობის" ან „სამხედრო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ. „ჩვენ ვკრძალავთ ჰეზბოლას სამხედრო საქმიანობას, ვზღუდავთ მის როლს პოლიტიკური სფეროთი და მოვითხოვთ, რომ სამხედრო ინსტიტუტებმა დაიცვან ეს მოთხოვნები“, - მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის სიტყვები „ალ-ჯაზირას“. მან ასევე მოითხოვა, რომ დაჯგუფებამ იარაღი ჩააბაროს.
სალამმა დაადასტურა, რომ მთავრობა 2024 წელს ისრაელთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების ერთგულია.
Associated Press-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 ადამიანი დაშავდა.