ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

ოთხშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს.


ფაშინიანმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ 2023 წელს ევროპარლამენტში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი - თუ არა ათასწლოვანი - მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა. „ამ ცვლილებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.


ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის განზრახვას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები აშშ-ის შუამავლობით დაფინანსებული TRIPP ინფრასტრუქტურის პროგრამის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას და აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას.


ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების საკითხს - კანონის მიღებას, რომლებიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ასახავს (...)


„ახლა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.“


მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.


„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.


ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.


„სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. 


„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.